I
ამრიგად, ვხედავთ რა, რომ ბოლო სამი ათწლეულის იმპერიალიზმი აშკარად დასაგმობია, როგორც საქმიანი პოლიტიკა, რადგან უზარმაზარმა დანახარჯმა გამოიწვია ბაზრების მცირე, უხარისხო, დაუცველი ზრდა და საფრთხის ქვეშ დააყენა მთელი ერის კეთილდღეობა სხვა ერების ძლიერი განაწყენების გამო, უპრიანია ვიკითხოთ: „ როგორ მოჰკიდა ბრიტანელმა ერმა ხელი ესოდენ არასერიოზულ საქმეს?“ ერთადერთი პასუხი ისაა, რომ მთელი ერის საქმიანი ინტერესები დაქვემდებარებულია გარკვეულ ჯგუფურ ინტერესებს, რომლებმაც მოახდინეს ეროვნული რესურსების მართვის უზურპირება და იყენებენ მათ პირადი სარგებელისათვის. ეს არაა უცნაური ან საშინელი ბრალდება; ესაა ყველა ფორმის მთავრობის საყოველთაო დაავადება. თომას მორის ცნობილი სიტყვები დღეს ისეთივე ჭეშმარიტია, როგორც დაწერისას: „ყველგან ვხედავ მდიდართა შეთქმულებას საკუთარი უპირატესობის მისაღწევად საყოველთაო კეთილდღეობის სახელითა და საბაბით“.
თუმცა ახალი იმპერიალიზმი უვარგისია მთელი ერისათვის, ის სარფიანი საქმეა ერის შემადგენელი გარკვეული კლასებისა და პროფესიებისათვის. აურაცხელი სამხედრო ხარჯები, ძვირადღირებული ომები, სერიოზული რისკები და გართულებები საგარეო პოლიტიკაში, პოლიტიკური და სოციალური რეფორმების შეჩერება დიდ ბრიტანეთში, თუმც დიდ ეროვნულ ზიანს უკავშირდება, კარგად ემსახურება გარკვეული მრეწველობის დარგების და პროფესიების საქმიან ინტერესებს.
ვიდრე ცხადად არ ვაღიარებთ ამ მთავარ ფაქტს და არ გავიაზრებთ ამ ჯგუფური ინტერესების რაობას, რომლებიც ეროვნულ უსაფრთხოებას და კეთილდღეობას მტრობენ, პოლიტიკასთან შეხება უსარგებლო საქმე იქნება. უნდა მოვიშოროთ ის წმინდად სენტიმენტალური დიაგნოზი, რომელიც ომებს თუ სხვა ეროვნულ გადაცდომებს პატრიოტულ-მტრული ამოფრქვევებით და სახელმწიფო მმართველობის შეცდომებით ხსნის. ეჭვგარეშეა, ყოველი ომის ატეხისას არა მარტო ქუჩის გამვლელები, არამედ საჭეთმპრობელნიც ხშირად ტყუვდებიან იმ ეშმაკობით, რომლითაც აგრესიული მოტივები და მომხვეჭელობა იმოსება დამცავი ტანსაცმლით. ყოველთვის ყველა ომი, თვით ისეთიც კი, რომლის დაუფარავად აგრესიული ხასიათი ცხადია მიუმხრობელი ისტორიკოსისათვის, მიეწოდება ხალხს, რომელმაც უნდა იომოს, როგორც თავდაცვის აუცილებელი პოლიტიკა, რომელშიც სახელმწიფოს ღირსებისა და თვით არსებობის საკითხები წყდება.
ამ ომების კატასტროფული უგუნურება, ნივთიერი და სულიერი ზარალი, რომელსაც თვით გამარჯვებული მხარეც კი განიცდის, იმდენად ადვილადაა შესამჩნევი მიუმხრობელი დამკვირვებლისათვის, რომ ის უიმედოდ მიიჩნევს რომელიმე სახელმწიფოს მიერ სიმწიფეში შესვლას და ამ ბუნებრივ კატაკლიზმებს პოლიტიკის არსებით ირაციონალურობას მიაწერს. თუმცა ბიზნესსა და პოლიტიკას შორის არსებულ ურთიერთობათა ზუსტი ანალიზი აჩვენებს, რომ აგრესიული იმპერიალიზმი, რომლის გაგებასაც ჩვენ ვესწრაფვით, ძირითადად არც რასათა ბრმა ვნებების და არც პოლიტიკოსთა ამპარტავნობისა და უგუნურების ნაყოფი არაა. ის ბევრად უფრო რაციონალურია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. სრულად სოციალისტური სახელმწიფო კარგი აღრიცხვით და რეგულარულად წარმოდგენილი ხარჯების და აქტივების ბალანსით სწრაფად უარჰყოფდა იმპერიალიზმს. გონიერი laissez-faire დემოკრატიაც, რომელიც თავის პოლიტიკაში სათანადო პროპორციით იცავს ყველა ეკონომიკურ ინტერესს, ასევე მოიქცეოდა. მაგრამ სახელმწიფო, სადაც გარკვეულ, კარგად ორგანიზებულ საქმიან ინტერესებს ძალუძთ გადაწონონ საზოგადოების სუსტი და გაფანტული ინტერესი, იძულებულია მისდიოს პოლიტიკას, რომელიც ეთანხმება ზემოხსენებულ ინტერესთა ზეწოლას.
იმპერიალიზმის ამ ჰიპოთეზის საფუძველზე ასახსნელად ორ შეკითხვას უნდა გავცეთ პასუხი: მოიპოვება თუ არა დღევანდელ დიდ ბრიტანეთში კარგად ორგანიზებული კომერციულ და სოციალურ იტერესთა რაიმე ჯგუფი, რომელიც სარგებელს ნახულობს აგრესიული იმპერიალიზმში და მილიტარიზმში, რომელსაც ის მოიცავს? და თუ ასეთ ინტერესთა კომბინაცია არსებობს, შესწევს თუ არა მას ძალა დაამკვიდროს თავისი ნება პოლიტიკურ არენაზე?
სახელმწიფო სახსრების უდიდესი დანახარჯი გემებზე, ზარბაზნებზე, სამხედრო და საზღვაო მოწყობილობებზე და მარაგებზე, რომლებიც იზრდება და უზარმაზარ მოგებას იძლევა როდესაც ომია, ან ომის საშიშროება; ახალი სახელმწიფო სესხები და მნიშვნელოვანი რყევები შინაურ და უცხოურ ბირჟებზე; მეტი თანამდებობები სამხედროების, მეზღვაურების, აგრეთვე დიპლომატიური და საკონსულო სამსახურებისათვის; უცხოეთში ინვესტირების ზრდა უცხო დროშის ბრიტანულით ჩანაცვლებისას; ბაზრების მოპოვება გარკვეული კლასის ექპორტისათვის და ამ დარგებში ბრიტანელ მოვაჭრეთა დაცვა და დახმარება; დასაქმება ინჟინრების, მისიონერების, სამთამადნო სპეკულანტების, ფერმერებისა და სხვა ემიგრანტებისატვის - აი რა არის იმპერიალიზმის უშუალო ეკონომიკური შედეგი.
ამრიგად, გარკვეული საქმიანი და პროფესიული ინტერესები, რომლებიც იმპერიალისტური დანახარჯებით, ან მათი შედეგებით იკვებებიან, საერთო კეთილდღეობის წინააღმდეგ განეწყობიან, ინსტიქტურად იკვლევენ გზას ერთმანეთისაკენ და ძლიერი თანაგრძნობით ერთიანდებიან ყოველი ახალი იმპერიალისტური წამოწყების ირგვლივ.
თუ £60,000,000,-ს რაც მშვიდობიანობის დროს შეიარაღებაზე დანახარჯების მინიმუმად უნდა ჩავთვალოთ, დაწვრილებით გამოვიკვლევთ, დიდ ნაწილს უშუალოდ გარკვეული მსხვილი ფირმების სალაროში აღმოვაჩენთ, რომლებიც დაკავებულნი არიან საბრძოლო და სატრანსპორტო ხომალდების მშენებლობით, მათი აღჭურვით და მომარაგებით, ზარბაზნებისა და შაშხანების დამზადებით, საბრძოლო მასალების, ცხენების, აღალის, საკაზმის, ტანსაცმლის, საკვების, ყაზარმებისა და სხვა უჩვეულო დიდ მოთხოვნათა მიწოდებითა და დაკმაყოფილებით. ამ ძირითადი არხებით მილიონები მიედინება მრავალი საწარმოს საკვებად, რომელთა უმრავლესობისათვის სავსებით ცხადია თუ ვის დაკვეთას ასრულებენ. აქაა კომერციული იმპერიალიზმის მნიშვნელოვანი ბირთვი. ზოგიერთი ეს დარგები, განსაკუთრებით გემთმშენებლობა, ბოილერების წარმოება, იარაღისა და საბრძოლო მასალის წარმოება წარიმართება აურაცხელი კაპიტალის მქონე დიდი ფირმების მიერ, რომელთა თავკაცებმა კარგად იციან პოლიტიკური გავლენის გამოყენება საქმიანი მიზნებისათვის.
ეს ადამიანები იდეური იმპერიალისტები არიან; სამწუხარო პოლიტიკა მათთვის სასარგებლოა.
მათ გვერდით არიან საექსპორტო დარგების მსხვილი მწარმოებლები, რომლებიც ჩვენს მიერ ახლად ანექსირებული ან გახსნილი ქვეყნების რეალურ თუ ხელოვნურ მოთხოვნათა დაკმაყოფილებით ცხოვრობენ. მანჩესტერი, შეფილდი, ბირმინჰემი - აი სამი წარმომადგენლობითი შემთხვევა - სავსეა ფირმებით, რომლებიც კონკურირებენ ფართლეულისა და რკინა-კავეულის, ორთქლმავლების, იარაღების, მექანიზმების, სასმელების, ცეცხლსასროლი იარაღის ახალ ბაზრებზე გატანისათვის. სახელმწიფო ვალები, რომლებიც მწიფდება ჩვენს კოლონიებში და უცხო ქვეყნებში, რომლებიც ჩვენი პროტექტორატის თუ გავლენის ქვეშ ექცევიან, ძირითადად ნასესხებია რელსების, ორთქლმავლების, ზარბაზნებისა და ცივილიზაციის სხვა პროდუქტების სახით, რომლებიც დამზადებულია და გაგზავნილია დიდი ბრიტანეთის ფირმების მიერ. ახალ ქვეყნებში რკინიგზების, არხების და სხვა საზოგადო საქმეების კეთება, ფაბრიკების დაარსება, სამთო საქმის წამოწყება, სოფლის მეურნეობის გაუმჯობესება აღძრავს გარკვეულ დაინტერესებას მნიშვნელოვან მრეწველობის დარგებში, რაც ასაზრდოებს მათ მფლობელების ძლიერ იმპერიალისტურ რწმენას.
წილი, რომელიც უჭირავს ამ დარგებს დიდი ბრიტანეთის საერთო მრეწველობაში მცირეა, თუმცა ზოგიერთი მათგანი ძალიან გავლენიანია და შეუძლია გარკვეული შთაბეჭდილების მოხდენა პოლიტიკაზე სავაჭრო პალატების, საპარლამენტო წარმომადგენლებისა და ნახევრადპოლიტიკური - ნახევრადკომერციული სტრუქტურების, მაგალითად, სამხრეთ აფრიკის იმპერიული ასოციაციის ან ჩინეთის ლიგის სახით.
ტრანსპორტირების დარგს გააჩნია სრულიად ცხადი ინტერესი იმპერიალიზმის სასარგებლოდ. ამის ნათელი ილუსტრაციაა სახელმწიფო სუბსიდიების პოლიტიკა, რომლებსაც ახლა სატრანსპორტო ფირმები ითხოვენ წინასწარ, რათა წაახალისონ ბრიტანული ტრასპორტი იმპერიული თავდაცვისა და უსაფრთხოების მიზნებისათვის
სახელმწიფო სამსახურებში, რაღა თქმა უნდა, მყარი იმპერიალისტური განწყობაა როგორც იდეურად, აგრეთვე პროფესიული ინტერესით; არმიისა და ფლოტის ყოველი ზრდა აძლიერებს მას რიცხობრივად და პოლიტიკური გავლენის თვალსაზრისით. სამხედრო წოდებათა გაყიდვის გაუქმებამ გზა გაუხსნა არმიაში საშუალო ფენას. რამაც დიდად გაზარდა იმპერიული განწყობის ეს ძირითადი მკვებავი. ამ ფაქტორის სიძლიერეს იმპერიის მღელვარე თუ დაუზუსტებელ საზღვრებზე თავგადასავლების და დიდების მაძიებელ ოფიცერთა განწყობა განაპირობებს. აქაა ინდოეთში ექსპანსიის ყველაზე ნაყოფიერი წყარო. სამსახურების უშუალო პროფესიულ გავლენას თან სდევს ნაკლებად ორგანიზებული, თუმც მძლავრი თანაგრძნობა და მხარდაჭერა არისტოკრატთაგან და მდიდართა ფენისგან, რომლებიც სამსახურებში თავიანთი ვაჟებისათვის კარიერას ეძიებენ.
სამხედრო სამსახურს შეგვიძლია დავუმატოთ ინდოეთის საჯარო სამსახური (ICS) და მრავალრიცხოვანი ოფიციალური თუ ნახევრადოფიციალური თანამდებობები ჩვენს კოლონიებში და პროტექტორატებში. იმპერიის ყოველი გაფართოება ამ ფენების მიერ განიხილება, როგორც ახალი შესაძლებლობა მათი შვილებისათვის ფერმერების, ინჟინრების თუ მისიონერების როლში. ეს თვალსაზრისი ზუსტად შეაჯამა ინდოეთის მაღალი რანგის მოხელემ ჩარლზ როსუაითმა ბრიტანეთისა და სიამის ურთიერთობათა განხილვისას: „სინამდვილეში საკითხი ის იყო, ვინ ჩაიგდებდა ხელში მათთან ვაჭრობას, როგორ გვეპოვა ახალი ბაზრები და დაგვესაქმებინა დღევანდელობის ჭარბი საქონელი - ჩვენი ბიჭები“
ამ თვალსაზრისით ჩვენი კოლონიები დღესაც რჩება იმად, რასაც ჯეიმს მილმა ცინიკურად უწოდა „მაღალ ფენებში ღარიბთა დახმარების მასშტაბური სისტემა“
ყველა პროფესიაში - სამოქალაქოში თუ სამხედროში, არმიაში, დიპლომატიაში, ეკლესიაში, ადვოკატურაში, მასწავლებლებში თუ ინჟინრებში, იმპერია მუშაობს როგორც სადინარი, რომელიც განმუხტავს შიდა ბაზრის გადატვირთულობას, აძლევს რა შანსს თავზეხელაღებულებსა თუ ავანტიურისტებს, და კომფორტულ თავშესაფარს - დანგრეული კარიერისა თუ ცხოვრების ადამიანებს. ასეთნაირად დასაქმებულთა რეალური რაოდენობა, რომელიც ჩვენს ბოლოდროინდელ შენაძენებს უკავშირდება, უმნიშვნელოა, მაგრამ ის იწვევს იმ დისპროპორციულ ინტერესს, რომელიც ყოველთვის ებმის დასაქმების ზღვრებს. ამ ზღვართა გაფართოება იმპერიალიზმის მძლავრი მოტივია.
ეს, ძირითადად ეკონომიკური გავლენები, სხვა, სენტიმენტალური მოტივებით შეზავებულნი, რომლებიც გამსაკუთრებით ქმედითია სამხედრო, კლერიკალურ, აკადემიურ წრეებსა და სახელმიფო სამსახურში, წარმოქმნის დაინტერესებულ, იმპერიალისტურ წინასწარგანწყობას განათლებულ ფენებში.
II
იმპერიალიზმის ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური ფაქტორი უსათუოდ ინვესტიციებთან დაკავშირებული გავლენაა. კაპიტალის მზარდი კოსმოპოლიტიზმი დღევანდელობის უდიდესი ცვლილებაა. ყველა მოწინავე სამრეწველო ქვეყანა ცდილობს კაპიტალის მზარდი წილი საკუთარი პოლიტიკური არეალის საზღვრებს გარეთ - უცხო ქვეყნებში თუ კოლონიებში განათავსოს და მზარდი მოგება ამოიღოს ამ წყაროდან...(გამოტოვებულია გამოთვლების შემცველი მცირე ნაწილი. მთ. შენ )
... ზემოთმოყვანილი შეფასებების ყოველგვარი ზედმეტი ნდობის გარეშე, შეუძლებელია არ დავინახოთ, რომ როცა საქმე გვაქვს უცხოურ ინვესტიციებთან, იმპერიალიზმის ყველაზე უფრო მნიშვნელოვან ეკონომიკურ ფაქტორს ვეხებით. რა მონაცემებიც არ უნდა ავიღოთ, ცხადი ხდება ორი ფაქტი. პირველი ისაა, რომ მოგება, რომელიც უცხოურ ინვესტიციაზე საპროცენტო განაკვეთის სახით ამოიღება, შეუდარებლად აღემატება ჩვეულებრივი, ექსპორტ-იმპორტი ვაჭრობის მოგებას. მეორე: ვიდრე შემოსავალი ჩვენი უცხოური და კოლონიური ვაჭრობიდან, და სავარაუდოდ, მოგებაც, ძალიან ნელა იზრდება, ჩვენი იმპორტის შემოსავლების წილი, რომელიც უცხოურ ინვესტიციებს უკავშირდება, ძალიან სწრაფად მატულობს.
წინა თავში მე ხაზი გავუსვი, რამდენად მცირეა ჩვენს ეროვნულ შემოსავალში საგარეო ვაჭრობიდან მოგების სახით მიღებული წილი. წარმოუდგენლია, რომ ახალი იმპერიალიზმის აურაცხელი ხარჯი და რისკები საგარეო ვაჭრობის ამ უმნიშვნელო ზრდის შედეგებისთვისაა გაწეული, განსაკუთრებით, თუ ახალშეძენილი ბაზრების ზომას და ხასიათს გავითვალისწინებთ. აი საგარეო ინვესტიციების სტატისტიკა კი ნათელს ჰფენს ეკონომიკურ ძალებს, რომლებიც ჩვენს საგარეო პოლიტიკაში დომინირებენ. მაშინ, როდესაც ჩვენი მრეწველები და მოვაჭრენი ვერაფერს იღებენ ახალი ბაზრებისაგან, და რომ ესმოდეთ, მეტს იხდიან დაბეგვრის სახით, ვიდრე იღებენ ვაჭრობით, სულ სხვაგვარადაა საქმე ინვესტორთან.
გადაჭარბება არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ დიდი ბრიტანეთის თანამედროვე საგარეო პოლიტიკა პირველ რიგში მომგებიანი საინვესტიციო ბაზრებისათვის ბრძოლაა. ყოველწლიურად დიდი ბრიტანეთი უფრო და უფრო ხდება ქვეყანა, რომელიც უცხოური ბეგარით ცხოვრობს, ხოლო ფენებს, რომლებიც ამ ბეგარით სარგებლობენ, მუდმივად მზარდი სტიმული აქვთ იმისა, რომ ჩააბან სახელმწიფო პოლიტიკა, სახელმწიფო ქისა და სახელმწიფო ძალა მათი კერძო ინვესტიციების გასაფართოებლად, არსებულის დასაცავად და გასაუმჯობესებლად. ეს ალბათ თანამედროვე პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი ფაქტია და გაურკვევლობა, რომელშიც ისაა შეფუთული ჩვენ სახელმწიფოს უმიმეს განსაცდელს უქმნის.
რაც ჭეშმარიტია დიდი ბრიტანეთისთვის, ასევე ჭეშმარიტია საფრანგეთის, გერმანიის, შეერთებული შტატების და ყველა იმ ქვეყნისათვის, სადაც თანამედროვე კაპიტალიზმმა დიდი მოცულობის ჭარბი დანაზოგები პლუტოკრატიისა და მომჭირნე საშუალო ფენის ხელში მოაქცია. კარგად შესამჩნევი ზღვარია გავლებული კრედიტორ და დებიტორ ქვეყნებს შორის. დიდი ბრიტანეთი კარგა ხანია ყველაზე დიდი კრედიტორი ქვეყანაა და პოლიტიკა, რომლითაც ინვესტორი ფენები იყენებენ სახელმწიფო ინსტრუმენტს კერძო საქმიანი ინტერესებისათვის, საუკეთესოდაა ილუსტრირებული მისი ბოლოდროინდელი ომებისა და ანექსიების ისტორიით. თუმცა საფრანგეთი, გერმანია და შეერთებული შტატებიც სწრაფად მიიწევენ წინ იმავე გზით. მათი იმპერიალისტური მოქმედებების ბუნებას ასე ხსნის იტალიელი ეკონომისტი ლორია:
„რა ხდება, როდესაც მევალე ქვეყანა უძლურია მწირი შემოსავლების გამო საპროცენტო განაკვეთის გადახდის საკმარისი გარანტია წარმოადგინოს? ზოგჯერ ამას მევალე ქვეყნის პირდაპირი დაპყრობა მოჰყვება. ასე სცადა საფრანგეთმა მეორე იმპერიის დროს მექსიკის დაპყრობა მხოლოდ იმ საბაბით, რომ უზრუნველეყო მექსიკური ფასიანი ქაღალდების მფლობელ ფრანგ მოქალაქეთა ინტერესების გარანტირება. თუმცა უფრო ხშირად უცხოური სესხის არასაკმარისი დაცულობა იწვევს კრედიტორი ქვეყნების მიერ ფინანსური კომისიის დანიშვნას თავიანთი ინტერესების დაცვის და ინვესტირებული კაპიტალის მომავლის გარანტირებისათვის. თუმცა, ასეთი კომისიის დანიშვნა საბოლოოდ ნამდვილ დაპყრობად გადაიქცევა ხოლმე. ამის მაგალითები გვაქვს ეგვიპტეში, რომელიც ყველა პრაქტიკული მიზეზით ბრიტანულ პროვინციად გადაიქცა, და ტუნისში, რომელიც იგივენაირად საფრანგეთის დამოკიდებულებაში აღმოჩნდა, რომელმაც ვალის დიდი ნაწილი უზრნველყო. ეგვიპტური აჯანყება ვალისგან წარმოქმნილი უცხო ბატონობის წინააღმდეგ უშედეგოდ დამთავრდა, როცა კაპიტალისტური კომბინაციების უცვლელ წინააღმდეგობას წააწყდა, და ფულით ნაყიდი თელ-ელ- ქებირის წარმატება ყველაზე უფრო ბრწინვალე გამარჯვებაა, რომელიც სიმდიდრეს ოდესმე ბრძოლის ველზე უზეიმია“
ქვეყნებთან მიმართებაში გამოყენებისას ტერმინები „კრედიტორი“ და „დებიტორი“, თუმც სასარგებლოა გარკვეული ეკონომიკური ფაქტების ასახსნელად, ბუნდოვანს ხდის ამ იმპერიალიზმის უმნიშვნელოვანეს თვისებას, რადგან როგორც ზემოთმოყვანილი ანალიზიდან ჩანს, ვალების უმთავრესი (თუ არა მთელი) წილი „სახელმწიფოა“, მაშინ როდესაც კრედიტი - თითქმის ყოველთვის კერძო; თუმცა ზოგჯერ, მაგალითად ეგვიპტის შემთხვევაში, მისმა მფლობელებმა მოახერხეს საკუთარი მთავრობის ჩათრევა ყველაზე უფრო წამგებიან პარტნიორობაში, რომელიც იძლეოდა სარგებელის გადახდის, მაგრამ არა განაწილების გარანტიას.
აგრესიული იმპერიალიზმი, რომელიც გადასახადის გადამხდელს ასე ძვირად უჯდება, რომელიც არაფრად უღირს მრეწველს და მოვაჭრეს, რომელიც სავსეა მოულოდნელი და უმძიმესი საფრთხეებით მოქალაქისათვის, უზარმაზარი მოგების წყაროა ინვესტორისათვის, ვინც ვერ პოულობს კაპიტალისათვის სარფიან დაბანდებას შინ და მოითხოვს მთავრობისაგან დახმარებას მის მომგებიან და დაცულ დაბანდებაში გარეთ.
თუ დავფიქრდებით შეიარაღებაზე გაწეულ აურაცხელ ხარჯებზე, დამანგრეველ ომებზე, დიპლომატიის თავხედურ გაიძვერობაზე, რითაც თანამედროვე მთავრობები ეძიებენ ძალაუფლების ტერიტორიულ გაფართოებას, და ვიკითხავთ, მარტივად და პრაქტიკულად: Cui bono? აშკარა პასუხი იქნება - ინვესტორი.
დიდი ბრიტანეთის წლიური შემოსავალი, რომელსაც ის მთელი საგარეო და კოლონიური ვაჭრობისაგან (იმპორტ-ექპორტი) საკომისიოს სახით იღებს, რ. გრიფენის შეფასებით 1889 წლისათვის შეადგენს £18,000,000, 2½ პროცენტს £800,000,000 ბრუნვიდან. ესაა, რაც შეგვიძლია საგარეო ვაჭრობიდან შემოსავლებად ჩავთვალოთ. თუმც მნიშვნელოვანი, ეს თანხა ვერ ჩაითვლება ეკონომიკურ მამოძრავებელ ძალად რომელიც ადეკვატურად ახსნიდა ბიზნეს-მოსაზრებების დომინირებას ჩვენს იმპერიულ პოლიტიკაში. აი როცა ამ რიცხვს გვერდით £90,000,000 ან £100,000,000 მივუწერთ, რაც ინვესტიციებისგან მიღებული წმინდა მოგებაა, მივხვდებით, საიდან მოდის იმპერიალიზმის ეკონომიკური იმპულსი.
ინვესტორებს, რომლებიც ფულს უცხო ქვეყნებში აბანდებენ, ქვეყნის პოლიტიკურ პირობებთან დაკავშირებული რისკების სრულად გათვალისწინებით, სურთ საკუთარი მთავრობის რესურსების გამოყენება ამ რისკების მინიმიზაციისათვის და ამ გზით საკუთარი ინვესტიციის კაპიტალური ღირებულებისა და მიღებული სარგებლის გაზრდა. ინვესტორ და სპეკულატორ ფენებს ზოგადად სურთ, რომ დიდმა ბრიტანეთმა მოაქციოს სხვა უცხო ტერიტორიები საკუთარი დროშის ქვეშ და უზრუნველჰყოს ახალი არეალი სარფიანი ინვესტიციისა და სპეკულაციისათვის.
III
თუ ინვესტორის კერძო ინტერესი პასუხისმგებელია საზოგადო ინტერესთან შეჯახებასა და დამანგრეველი პოლიტიკის აღძვრაში, კიდევ უფრო საშიშია ფინასისტის კერზო ინტერესი, რომელიც ინვესტიციების ზოგადი განმკარგავია. საბოლოო ჯამში, მსხვილი და წვრილი ინვესტორები პოლიტიკაშიც და ბიზნესშიც მხოლოდ კატის ბრჭყალები არიან იმ მსხვილი ფინანსური სახლებისა, რომლებიც აქციებს და ობლიგაციებს არა იმდენად ინვესტირებისათვის, არამედ ფულად ბაზარზე სპეცულაციისათვის იყენებენ. ფასიანი ქაღალდების დიდი მასების მართვა და ახალი კომპანიის წამოწყება, ფასების მერყეობის მანიპულირება - აი ბირჟის მაგნატების შემოსავლის წყარო. ეს უზარმაზარი ბიზნესები - საბანკო, საბროკერო, თამასუქების განაღდების, სესხების განთავსების, კომპანიების დაფინანსების - შეადგენენ თანამედროვე კაპიტალიზმის ცენტრალურ ნერვულ კვანძს. უძლიერესი ორგანიზაციული ბმებით გაერთიანებულნი, ყოველთვის უმჭიდროეს და უსწრაფეს კავშირში ერთმანეთთან, ყველა სახელმწიფოს საქმიანი დედაქალაქის გულში განლაგებულნი, მართულნი ძირითადად ერთი, განსაკუთრებული ჯურის ხალხით, რომელსაც ზურგს უკან მრავალსაუკუნოვანი ფინასური გამოცდილება აქვს, ისინი სრულიად განსაკუთრებულ მდგომარეობას ფლობენ ერების პოლიტიკის წარმართვისათვის. შეუძლებელია კაპიტალის რაიმე სწრაფი გადაადგილება მათი თანხმობისა და ორგანიზაციის გარეშე. შეიძლება ვინმემ სერიოზულად იფიქროს, რომ რომელიმე ევროპული ქვეყანა წამოიწყებს დიდ ომს, ან დიდ სახელმწიფო სესხს გამოსცემს, თუ როტშილდების სახლი და მისი მოკავშირეები ამას ზურგს შეაქცევენ?
ყველა დიდი პოლიტიკური ქმედებისათვის, რომელიც კაპიტალის მოძრაობას, ან არსებული ინვესტიციების ღირებულების რყევას შეიცავს, აუცილებელია ფინანსურ მეფეთა ამ მცირე ჯგუფის სანქცია და პრაქტიკული დახმარება. ეს ხალხი, რომელიც თავის რეალიზებულ სიმდიდრეს და ბიზნეს კაპიტალს ძირითადად აქციებსა და ფასიან ქაღალდებში ინახავს, ორმაგ ფსონს ფლობს. პირველს, როგორც ინვესტორი და მეორეს და მთავარს - როგორც ფინანსური დილერი. ინვესტორის თვალსაზრისით მათი პოლიტიკური გავლენა არსებითად არ განსხვავდება სხვა, უფრო მცირე ინვესტორების გავლენისაგან, გარდა იმისა, რომ ისინი, როგორც წესი, პრაქტიკულ კონტროლს უწევენ ბიზნესს, რომელშიც ინვესტიციას დებენ. სპეკულატორის ან ფინანსური დილერის როლში კი ისინი უმძიმეს ცალკეულ ფაქტორს წარმოადგებენ იმპერიალიზმის ეკონომიკაში.
ახალი სახელმწიფო ვალის აღება, ახალი კომპანიების წამოწყება და ფასების მუდმივი მნიშვნელოვანი რყევების შექმნა მათი სარფიანი საქმიანობის სამი პირობაა. ყველა პირობას ისინი პოლიტიკაში მიჰყავს და იმპერიალიზმის მხარეს აქცევს.
ფილიპინების ომისათვის ფინანსურმა მზადებამ რამდენიმე მილიონი დოლარი ჩაუჯიბა ბ-ნ პირპოინტ მორგანს და მის მეგობრებს; ჩინეთ - იაპონიის ომი, რომელმაც პირველად მოაქცია ზეციური იმპერია სახელმწიფო ვალის უნაგირქვეშ, და კონტრიბუცია, რომელსაც ის გადაუხდის ევროპელ ოკუპანტებს ბოლო კონფლიქტთან დაკავშირებით, საფქვავით ამარაგებს ევროპის ფინანსურ წისქვილებს; რომელიმე ურჩი უცხოელი მმართველისათვის გამოძალული ყოველი სარკინიგზო თუ სამთო კონცესია ნიშნავს სარფიან ბიზნესს კაპიტალის მოზიდვასა და კომპანიის აქციების გამოშვებაში. პოლიტიკა, რომელიც აღძრავს აგრესიის შიშს აზიურ ქვეყნებში და აღვივებს ქიშპს ევროპის კომერციულ სახელმწიფოთა შორის, წარმოქმნის აურაცხელ სამხედრო ხარჯებს და მუდმივად მზარდ სახელმწიფო ვალს, ამ პოლიტიკასთან დაკავშირებული ეჭვები და რისკები ხელს უწყობენ ფასიანი ქაღალდების მუდმივ მერყეობას, რომელიც ესოდენ მომგებიანია დახელოვნებული ფინანსისტისათვის. არ არსებობს ომი, რევოლუცია, ანარქისტული მკვლელობა ან რომელიმე სხვა საზოგადო ბიძგი, რომელიც მოგების მომტანი არაა ამ ხალხისათვის. ესენი არიან ჰარპიები, რომლებიც წოვენ მოგებას ყოველი ახალი სახელმწიფო დანახარჯიდან და სახელმწიფო კრედიტის ყველა მოულოდნელი შეშფოთებიდან. „მცოდნე“ ფინანსიტებისათვის ჯეიმსონის რეიდი ყველაზე წარმატებული შემობრუნებაა საქმეში, რაშიც ადვილად შეიძლება დარწმუნება მათი “ავუარების“ შედარებით ამ მოვლენამდე და მის შემდეგ; ის საშინელი ტანჯვა, რომელიც ინგლისს და სამხრეთ აფრიკას ამ რეიდით გამოწვეულმა ომმა მოუტანა, აურაცხელი მოგების წყაროა დიდი ფინანსისტებისათვის, რომელმაც საუკეთესოდ გაუძლეს გაუთვლელ დანაკარგებს და კომპენსაცია მოახდინეს მომგებიანი სამხედრო კონტრაქტებით და ტრანსვაალში უფრო მცირე ინტერესების „გაყინვით“. ესაა ერთადერთი მოგებული მხარე ამ ომში და მოგების უდიდესი ნაწილი მათი მიმღები ქვეყნის საზოგადო თუ მათი თანამემამულეების პირადი დანაკარგებისაგანაა შედგენილი.
მართალია, ამ ხალხის პოლიტიკა მაინცდამაინც ომისკენ არაა მიმართული; იქ სადაც ომი ძლიერად და მუდმივად დააზარალებს იდუსტრიულ ქსოვილს, რომელიც სპეკულაციების არსებითი საფუძველია, მათი გავლენა მშვიდობის მხარესაა, მაგალითად დიდი ბრიტანეთისა და შეერთებული შტატების სახიფათო კამათში ვენესუელის შესახებ. მაგრამ სახელმწიფო ხარჯების ნებისმიერი ზრდა, სახელმწიფო კრედიტის ნებისმიერი რხევა გარდა კოლაფსისა, ნებისმიერი სარისკო წამოწყება, რომელშიც სახელმწიფო რესურსები კერძო სპეკულაციების საწინდარი შეიძლება გახდეს, მომგებიანია მსხვილი მსესხებლისა და სპეკულატორისათვის.
ამ სახლების სიმდიდრე, ოპერაციების მასშტაბი და კოსმოპოლიტური ორგანიზაცია აქცევს მათ იმპერიული პოლიტიკის მთავარ განმსაზღვრელებად. ისინი ფლობენ უდიდეს წილს იმპერიალიზმის ბიზნესში და უმდიდრეს შესაძლებლობებს ერებისათვის საკუთარი ნების თავს მოსახვევად.
იმპერიული ექპანსიის არაეკონომიური ფაქტორების განხილვისას, როგორებიცაა პატრიოტიზმი, ავანტიურიზმი, სამხედრო ინიციატივა, პოლიტიკური ამბიცია და ფილანტროპია, შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ფინანსისტებისათვის ამოდენა ძალაუფლების მიწერა ისტორიის ზედმეტად ვიწრო ეკონომიკური თვალთახედვით განხილვას ნიშნავს. მართლაც, იმპერიის ძრავა არაა მთლიანად ფინანსური: ფინანსები უფრო მართავენ იმპერიულ ძრავას, მიმართავენ ენერგიას და განსაზღვრავენ მის მუშაობას: ეს არც საწვავია და არც ენერგიის უშუალო გენერატორი. ფინანსები მანიპულაციას უწევენ პატრიოტულ ძალას, რომლებსაც პოლიტიკოსები, სამხედროები, ფილანტროპები და მოვაჭრენი წარმოქმნიან; ექსპანსიის ენთუზიაზმი, რომელიც ამ წყაროებიდან მოედინება, თუმც ძლიერი და გულწრფელი, ბრმა და მოუწესრიგებელია; ფინანსურ ინტერესს აქვს კონცენტრაციის და ნათელი გამოთვლის ის თვისებები, რომლებიც აუცილებელია იმპერიალიზმის ასამუშავებლად. პატივმოყვარე პოლიტიკოსმა, წინა ხაზის ჯარისკაცმა, თავგამოდებულმა მისიონერმა, ენერგიულმა მოვაჭრემ შეიძლება გამოთქვას იმპერიული ექსპანსიის სურვილი ან იქნებ გადადგას კიდეც ნაბიჯი, რომელიც შესალოა ხელს უწყობდეს საზოგადოებრივი აზრის პატრიოტულად განწყობას რამე ახალი წინსვლის აუცილებლობის მიმართ, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ფინანსისტის ხელთაა. უშუალო გავლენა, რომელსაც დიდი ფინანსური სახლები ფლობენ „მაღალ პოლიტიკაში“ გამაგრებულია საზოგადოებრივი აზრის მართვით, რომელსაც ისინი პრესის მეშვეობით ახორციელებენ; პრესის, რომელიც ყველა „ცივილიზებულ“ ქვეყანაში თანდათან მათი დამჯერი ინსტრუმენტი ხდება. ვიდრე სპეციფიურად ფინანსური გაზეთები თავს ახვევენ „ფაქტებს“ და „თვალსაზრისებს“ საქმიან ფენებს, ზოგადი პრესა თანდათან ფინანსისტების ცნობიერი თუ არაცნობიერი დომინირების ქვეშ ექცევა. სამხრეთაფრიკული პრესის შემთხვევა, რომლის თანამშრომლებმა და კორესპონდენტებმა საომარი კოცონი გააღვივეს ამ ქვეყანაში, სამხრეთაფრიკელი ფინანსიტების ღია მფლობელობაში ყოფნის შემთხვევაა და საზოგადოებრივი აზრის ფაბრიკაციის მიზნით გაზეთების ფლობის ეს პოლიტიკა ჩვეულებრივია დიდ ევროპულ ქალაქებში. ბერლინში, ვენაში და პარიზში მრავალი გავლენიანი გაზეთი ეკუთვნის ფინანსურ სახლებს, რომლებიც მათ არა მოგების მიზნით, არამედ საზოგადოების ცნობიერებაში ისეთი აზრებისა და გრძნობების დასამკვიდრებლად იყენებენ, რომლებიც გავლენას მოახდენენ საჯარო პოლიტიკაზე და შესაბამისად - ფულად ბაზარზე. დიდ ბრიტანეთში ეს პოლიტიკა ჯერჯერობით არაა ასე შორს წასული, მაგრამ ალიანსი ფინანსებთან ყოველწლიურად მჭიდროვდება, - ან ფინანსისტების მიერ გაზეთების საკონტროლო წილის შესყიდვით, ან გაზეთის მფლობელების ფინანსებში გადაბირებით. ფინანსური პრესის და საერთო პრესის ფინანსური მფლობელობის გარდა სითი ღიად, მოხერხებულად და მუდმივად აკონტროლებს წამყვან ლონდონურ გაზეთებს და მათი გავლით პროვინციული გაზეთების მასას, რადგან მოგების თვალსაზრისით პრესის სრული დამოკიდებულება სარეკლამო სვეტებზე ნაკლებად განაწყობს მათ ორგანიზებულ ფინანსურ ფენასთან დასაპირისპირებლად, რადგან ის მნიშვნელოვანწილად აკონტროლებს სარეკლამო ბიზნესს. ამას დავუმატოთ სენსაციური პოლიტიკისადმი ბუნებრივი სიმპატია, რომელსაც იაფფასიანი პრესა მუდმივად ამჟღავნებს და ნათლად გამოჩნდება, რომ პრესა ძლიერადაა წინასწარგანწყობილი იმპერიალიზმის სასარგებლოდ და ადვილად აყვება ფინანსური თუ პოლიტიკური იმპერიალისტის შეთავაზებას, რომელსაც სურს აამაღლოს პატრიოტულო განწყობა რომელიმე ახალი ექსპანსიური წამოწყების მიმართ.
ასეთია ცხადად ეკონომიური ხასიათის ძალთა მწყობრი, რომელიც იმპერიალიზმის ხელშემწყობია: დიდი და თავისუფალი ჯგუფი პროფესიებისა და ხელობებისა, რომელიც ეძებს სარფიან ბიზნესს და კარგად ანაზრაურებულ დასაქმებას სამხედრო და სახელმწიფო სამსახურების გაფართოებაში, სამხედრო ოპერაციების დანახარჯებში, ახალი ტერიტორიების გახსნასა და ძველთან ვაჭრობაში, ახალი კაპიტალის უზრუნველყოფაში, რომელსაც ეს ოპერაციები ითხოვს; და ეს ყველაფერი პოულობს ცენტრალურ წამყვან და მიმმართველ ძალას მთავარ ფინასისტში.
ამ ძალთა თამაში ღიად არ ჩანს. ესენი არსებითად პატრიოტიზმის პარაზიტები არიან და მის დამცავ ფერებს ეხამებიან. მათი წარმომადგენლების ბაგეთაგან კეთილშობილი ფრაზები ისმის, რომლებიც გამოხატავენ ცივილიზაციის გაფართოების, კარგი მმართველობის დამყარების, ქრისტიანობის გავრცელების, მონობის აღმოფხვრის და დაბალი რასების განვითარების სურვილებს. ზოგიერთ ამ საქმის კაცთაგანს, რომელიც ასეთი ენით მეტყველებს, შესაძლოა მართლაც ჰქონდეს გულწრფელი, თუმცა როგორც წესი, ბუნდოვანი სურვილი ამ მიზნების მიღწევისა, მაგრამ ისინი პირველ ყოვლისა საქმეში არიან და კარგად ესმით ნაკლებად ეგოისტურად განწყობილი ძალების მნიშვნელობა საკუთარი მიზნების მისაღწევად. მათი ჭეშმარიტი განწყობა გამოხატა ბატონმა როდსმა ცნობილ გამოთქმაში, როდესაც „მისი უდიდებულესობის დროშას“ „მსოფლიოს უდიდესი კომერციული აქტივი“ უწოდა.
No comments:
Post a Comment