შესავალი - ნაციონალიზმი და იმპერიალიზმი. წიგნიდან "იმპერიალიზმი"





ბუნდოვან პოლიტიკური აბსტრაქციათა სფეროში გამეფებული არეულობა თითქმის შეუძლებელს ხდის რომელიმე „იზმის“ გამოცალკევებას და ზუსტ განსაზღვრას. მნიშვნელობათა სწრაფი და მოუხელთებელი ცვლილება არა მარტო აზრის მოძრაობის, არამედ პოლიტიკოსების ხელოვნური მანიპულაცის შედეგია, რაც მიზნად ისახავს დაბინდვას, გაფართოებას, დამახინჯებას. ასეთ პირობებში უსაფუძვლოა ზუსტი მეცნიერებებისათვის დამახასიათებელი სიმკაცრის მოთხოვნა. გარკვეული, ფართო შესაბამისობის მონახვა სხვა, მონათესავე ტერმინებთან - აი ის მიახლოებული მიდგომა, რომელსაც იმპერიალიზმის დეფინიცია უნდა აკმაყოფილებდეს. სამი უახლოესი მონათესავე ტერმინი: ნაციონალიზმი, ინტერნაციონალიზმი და კოლონიალიზმი, ასეთივე მოუხელთებელი და ცვალებადია; ამასთან ოთხივე იმდენად ურთიერთგადაფარულია, რომ თანამედროვე პოლიტიკის შემსწავლელისაგან დიდ სიფხიზლეს მოითხოვს.

მე-19 საუკუნის განმავლობაში ნაციონალისტური ბრძოლა, ანუ ეროვნულ საფუძველზე დამყარებული პოლიტიკური ერთობის დაარსება დინასტიური მოძრაობების წამყვანი ფაქტორი და მოსახლეობის მასების ცხოვრების შინაგანი მოტივია. ეს ბრძოლა გარეგან პოლიტიკაში ზოგან დამანგრეველი ხასიათისაა, მაგალითად საბერძნეთის, სერბეთის, რუმინეთის და ბულგარეთის ოტომანთა იმპერიისაგან გამოცალკევების შემთხვევებში, აგრეთვე ჩრდილოეთ იტალიის გამოსვლაში ავსტრიის იმპერიასთან არაბუნებრივი ალიანსიდან; სხვაგან ის გამაერთიანებელი ან ცენტრალიზაციური ხასიათის ძალად გვევლინება და აფართოებს ერის არეალს - იტალიის და რუსეთის პან-სალავისტური მოძრაობის შემთხვევაში. ხანდახან ეროვნულობა სახელმწიფოთა ფედერაციის საფუძველი ხდება, მაგალითად გაერთიანებული გერმანიისა და ჩრდილოეთ ამერიკის შემთხვევაში. ხშირად პოლიტიკური ერთობის მაძიებელი ძალები უფრო შორს მიდიან და ქმნიან განსხვავებულ ეროვნებათა ფედერალურ ერთობას - ავსტრია-უნგრეთის, ნორვეგიისა და შვედეთის, და შვეიცარიის ფედერაციის შემთხვევაში. თუმცა ზოგადი ტენდენცია მსხვილი, ძლიერი ეროვნული ერთობების ჩამოყალიბებაა იმ სუსტად დაკავშირებული სახელმწიფოებისა და პროვინციებისაგან, რომელთა ცვალებადი კავშირები და ალიანსები ფარავდა ევროპის მნიშვნელოვან ნაწილებს იმპერიის დაშლის შემდეგ. ნაციონალიზმის მამოძრავებელი ძალა აშკარად იკვეთება პოლიტიკური თავისუფლების მოპოვების როგორც წარუმატებელ, ასევე წარმატებულ მცდელობებში; ირლანდიელების, პოლონელების, ფინელების, უნგრელების და ჩეხების ბრძოლა ძლიერ მეზობლებთან ნაძალადევი კავშირიდან თავის დასაღწევად მთელი სიძლიერით წარმოშობს ეროვნულობის მძლავრ განცდას.
საუკუნის შუა წლები განსაკუთრებით გამოირჩევა უდაოდ „ნაციონალისტური“ გამოცოცხლებით, რომლის ნაწილი დინასტიურ ცვლილებეში გამოიხატა, ნაწილი კი განადგურდა ან დაიმსხვრა. ჰოლანდია, პოლონეთი, ბელგია, ნორვეგია, ბალკანეთი ეროვნული ძალების ამ ბრძოლის უზარმაზარ არენად იქცა.
საუკუნის მესამე მეოთხედის დასასრულს ევროპა უმეტესად დიდ ეროვნულ სახელმწიფოებად ან სახელმწიფოთა ფედერაციებადაა მოწყობილი, თუმცა ეს მოწყობა არსებითად შორსაა საბოლოოსაგან; იტალია იმზირება ტრიესტისაკენ, გერმანია კი ავსტრიისაკენ გაცხადებული დანიშნულების აღსასრულებლად.
ეს ჟინი და ის დინასტიური ფორმები, რომლებიც მან ჩამოაყალიბა და გააცოცხლა, ძირითად გამომწვევ მიზეზად იქცა იმ ხანგრძლივი და შეუპოვარი წინააღმდეგობისა, რომელიც დიდმა თუ პატარა ხალხებმა გაუწიეს ნაპოლეონის იმპერიულ გეგმებს. ბრძოლის დაძაბულობამ ინგლისის ეროვნული სული და თვითშეგნება „დიდი ელისაბედის ბრწყინვალე დღეთა“ შემდეგ არნახულ სიმაღლეზე ასწია . იენამ პრუსია დიდ ერად აქცია; მოსკოვის კამპანიამ რუსეთი ევროპული ერების ველში მუდმივმოქმედ ფაქტორად დააბრუნა და სრულად გაუხსნა დასავლური იდეების და გავლენების ტალღას.
ტერიტორიული და დინასტიური ნაციონალიზმიდან რასიული, ლინგვისტური და ეკონომიკური სოლიდარობისაკენ შემობრუნების ძირითადი მოტივის კვალდაკვალ, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მოძრაობა შეიმჩნევა. ერთის მხრივ ადგილობრივი პარტიკულარიზმის, მეორეს მხრივ კი ბუნდოვანი კოსმოპოლიტიზმის ნაზავმა შედარებით სუსტ ხალხებში წარმოქმნა ეროვნული განწყობა, რომელმაც პოლიტიკური შთანთქმის წინააღმდეგ შეუპოვარ და გმირულ წინააღმდეგობასთან ერთად, ტერიტორიულ ნაციონალიზმთან ერთად, გამოიწვია მივიწყებული წეს-ჩვეულებების, ენის, ლიტერატურის და ხელოვნების მძლავრი აღორძინება; უფრო დომინანტურ ხალხებში კი წარმოიშვა ეროვნული „დანიშნულების“ უცნაური ამბიციები თანმდევი შოვინისტური განწყობით.
ეროვნულობის ჭეშმარიტი ბუნება და ფარგლები არავის განუმარტავს ჯ.ს. მილზე უკეთესად:
„კაცობრიობის ნაწილი შეადგენს ერს, თუ მას აერთიანებს თანაგრძნობა, რომელიც არ არსებობს მასსა და სხვებს შორის. ეროვნულობის ეს გრძნობა შეიძლება სხვადასხვა მიზეზებით იყოს განპირობებული. ზოგჯერ ის ერთიანი რასისა და წარმომავლობის შედეგია. ენისა და რელიგიის ერთიანობას უდიდესი წვლილი მიუძღვის. გეოგრაფიული საზღვრები ერთერთი მიზეზთაგანია. მაგრამ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ერთიანი პოლიტიკური წანამძღვრების, ეროვნული ისტორიის, და შესაბამისად, ერთიანი მეხსიერების არსებობაა,სიამაყისა თუ სირცხვილის, სიხარულისა თუ მწუხარების ერთობლივი განცდა, რომელიც წარსულის ერთსა და იმავე მოვლენებს უკავშირება „[i]
აი ამ, ჭეშმარიტი ნაციონალიზმის გაყალბება, მისი საზღვრების გადალახვის მცდელობა, არადამყოლი და ასიმილაციის მოწინააღმდეგე ხალხების ახლო თუ შორი ტერიტორიების შთანთქმაა ის, რაც მიანიშნებს გადასვლაზე ნაციონალიზმიდან, ერთის მხრივ, გაყალბებულ კოლონიალიზმზე, და მეორეს მხრივ, იმპერიალიზმზე.
კოლონიალიზმი, თუ ის მოიცავს ერის ნაწილის მიგრაციას თავისუფალ ან თითქმის დაუსახლებელ უცხო მიწებზე, როდესაც ემიგრანტები სრულად ინარჩუნებენ მეტროპოლიის მოქალაქეობას, ან არსდება ადგილობრივი თვითმართველობა მის ინსტიტუტებთან მჭიდრო შესაბამისობაში და მისი საბოლოო კონტროლის ქვეშ, შეიძლება განხილულ იქნას ეროვნულობის ჭეშმარით გაფართოებად, ერის მოდგმის, ენისა და ინსტიტუტების ტერიტორიულ ზრდად. თუმცა ისტორიაში მეტროპოლიიდან დაშორებული არცერთი კოლონია არ დარჩენილა ხანგრძლივად ამ მდგომარეობაში. ის ან წყვეტდა კავშირს მასთან და ცალკე ერს აყალიბებდა, ან ძირითადი მმართველობითი პროცესების თვალსაზრისით სრულ პოლიტიკურ უუფლებობაში ექცეოდა - ისე, რომ ტერმინი იმპერიალიზმის გამოყენება კოლონიალიზმზე არანაკლებ მართობულია. დაშორებული კოლონიის ერთადერთი ფორმა, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს ნაციონალიზმის ცხად ექსპანსიად, ავსტრალაზიის და კანადის თვითმმართველი ბრიტანული კოლონიებია, თუმცა აქაც ადგილობრივმა პირობებმა შესაძლოა ცალკე ნაციონალიზმი წარმოქმნას, რომელიც მეტროპოლიისათვის უცხო და მტრული კოლონიური ინტერესების და განწყობების ძლიერ კონსოლიდაციას დაეფუძნება. სხვა „თვითმმართველ“ კოლონიებში, მაგალითად კეიპ კოლონიაში და ნათალში, სადაც თეთრების უმრავლესობა არაა ბრიტანელი ახალმოსახლეების შთამომავალი და სადაც დამორჩილებული თუ „უმდაბლესი“ რასების უზარმაზარი რიცხობრივი უმრავლესობა უცხო კლიმატურ და სხვა ბუნებრივ პირობებთან ერთად „სამშობლოსაგან“ განსხვავებულ ცივილიზაციას აღნიშნავს, კონფლიქტი კოლონიურ და იმპერიულ იდეებს შორის დიდი ხანია პოლიტიკოსთა ცნობიერების წინა პლანზეა. როდესაც ლორდი როზმიდი იმპერიული ფაქტორის მუდმივ არსებობას „უბრალოდ აბსურდს“ უწოდებს, ან ბ-ნი როდსი მის “მოშორებაზე“ საუბრობს, ორივენი „კოლონიალიზმს“ იცავენ, რომელიც დროთა განმავლობაში შინაგანი ზრდის მეშვეობით ცალკე „ნაციონალიზმად“ ჩამოყალიბების მეტი შესაძლებლობა აქვს, ვიდრე ეს ავსტრალაზიისა და კანადის კოლონიების შემთხვევაშია - ინტერესთა და ცხოვრების პირობების მეტროპოლიისგან მეტი განსხვავებულობის გამო. სხვა ჩვენი კოლონიები უფრო იმპერიალიზმის სულისკვეთების მატარებელნი არიან, ვიდრე კოლონიალიზმისა. ბრიტანელი ახალმოსახლენი, რომლებიც ოჯახებთან ერთად მეტროპოლიის სოციალური და პოლიტიკური ჩვეულებებისა და კანონების მიხედვით ცხოვრობენ, მოსახლეობის უმნიშვნელო ნაწილს შეადგენენ: უმრავლეს შემთხვევებში ეს უმცირესობა, რომელიც პოლიტიკურად თუ ეკონომიკურად განაგებს უცხო და ქვეშევრდომ ხალხს, თავად იმყოფება იმპერიული მმარველობის ან მის მიერ დანიშნული ადგილობრივების დესპოტური პოლიტიკური კონტროლის ქვეშ. ბრიტანული კოლონიისათვის ჩვეულებრივი ეს მდგომარეობა თითქმის საყოველთაოა სხვა ევროპული ქვეყნების კოლონიებშიც. საფრანგეთისა და გერმანიის მიერ აფრიკასა და აზიაში დაარსებული „კოლონიები“ ვერანაირად ვერ ჩაითვლება ფრანგული ან გერმანული ეროვნული ცხოვრების ზღვის გაღმა გადანერგვის მცდელობად; არსად, თვით ალჟირშიც კი, ეს არა ჭეშმარიტი ევროპული ცივილიზაცია; მათი საზოგადოების პოლიტიკური და ეკონომიკური აგებულება სრულიად განსხვავებულია მეტროპოლიისაგან.
კოლონიალიზმი საუკეთესო გაგებით ეროვნულობის ბუნებრივი გადმოდინებაა; ეს მოწმდება კოლონისტების უნარით გადანერგონ ცივილიზაცია, რომელსაც ისინი წარმოადგენენ, იმ ახალ ბუნებრივ და სოციალურ გარემოში, რომელშიც აღმოჩნდნენ. სახელებმა არ უნდა დაგვაბნიოს; გერმანული და ფრანგული „კოლონიალური“ პარტია მიზნითა და მეთოდით ინგლისური „იმპერიალისტური“ პარტიის იდენტურია, და უკანასკნელი სახელწოდება უფრო სწორია. პროფესორმა სილიმ კარგად მონიშნა იმპერიალიზმის ბუნება: „ როდესაც სახელმწიფო ერის საზღვრებს გასცდება, მისი ძალაუფლება საეჭვო და ხელოვნური ხდება. ასეთია იმპერიების უმრავლესობის, მათ შორის ჩვენი მდგომარეობა. როდესაც ერი ფართოვდება უცხო ტერიტორიაზე, წარმატებული დაპყრობის შემთხვევაშიც კი ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოხერხდეს (მოსახლეობის) განადგურება ან მთლიანად გაძევება. როცა ეს ხდება, მას უწევს შეჭიდება დიდ და მუდმივ სიძნელესთან, რადგან დამორჩილებული თუ მოქიშპე ერების ჯეროვანი ასიმილაცია შეუძლებელია და ისინი საფრთხისა და სისუსტის მუდმივი წყაროა“.[ii]
ბოლოდროინდელი იმპერიალიზმის, როგორც პოლიტიკის სიახლე ძირითადად იმაშია, რომ მას რამდენიმე ერი მიმართავს. რამდენიმე მოქიშპე იმპერიის ცნება არსებითად თანამედროვეა. ძველ და შუასაუკნოვან მსოლიოში იმპერიის ძირითადი იდეა ჰეგემონიის ქვეშ მყოფი სახელმწიფოთა ფედერაციაა, რომელიც ზოგადად ფარავს მთელ ცნობილ ან აღიარებულ მსოფლიოს, როგორიც რომაელების ე.წ. pax Romana იყო. იმ დროს, როდესაც რომის მოქალაქეს, სრული სამოქალაქო უფლებებით, ნახავდით მთელ შესწავლილ მსოფლიოში, აფრიკასა და აზიაში, გალიასა და ბრიტანეთში, იმპერიალიზმი ინტერნაციონალიზმის ნამდვილ ელემენტს შეიცავდა. რომის დაცემის შემდეგ იდეა ერთი იმპერიისა, რომელიც ფლობს პოლიტიკურ ძალაუფლებას ცივილიზებულ მსოფლიოში, არ გამქრალა. პირიქით, ის გადაურჩა წმინდა რომის იმპერიის ყველა რყევებს. მეოთხე საუკუნის ბოლოს აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილების აშკარა გაყოფის შემდეგაც კი, ადმინისტრაციული მიზნით დაყოფილი ერთი სახელმწიფოს თეორია გადარჩა. ყველა განხეთქილებისა და ანტაგონიზმის მიღმა, მიუხედავად მრავალ დამოუკიდებელ სახალმწიფოდ და პროვინციად დანაწილებისა, იდეური იმპერიული ერთიანობა ცოცხლობდა. ის განხორციელდა კარლოს დიდის შეგნებულად აღიარებულ იდეალში, თუმცა პრაქტიკაში დასავლეთ ევროპით შემოიფარგლა. რუდოლფ ჰაბსბურგმა არამარტო გააცოცხლა იდეა, არამედ განახორციელა კიდეც ცენტრალურ ევროპაში, ხოლო მისმა შთამომავალმა კარლოს მეხუთემ რეალური აზრი შესძინა ტერმინს საკუთარი ერთიანი იმპერიული მმართველობის ქვეშ ავსტრიის, გერმანიის, ესპანეთის და ნიდერლანდის, სიცილიის და ნეაპოლის თავმოყრით. მოგვიანებით ევროპულ იმპერიაზე ოცნება აცოცხლებდა პეტრე დიდის, ეკატერინეს და ნაპოლეონის პოლიტიკას. არც ისაა შეუძლებელი, რომ კაიზერ ვილჰელმ III-ს აქვს ასეთი ზესახელმწიფოს ხედვა.
ყველა დროის პოლიტიკური ფილოსოფოსები: ვიკო, მაკიაველი, დანტე, კანტი განიხილავდნენ იმპერიას - ერთი, უფრო მასშტაბური სახელმწიფოს ფარგლებში მოწესრიგებულ სახელმწიფოთა იერარქიას - როგორც მშვიდობის ერთადერთ ხელშესახებ გარანტიას.
ამრიგად, იმპერიას აკავშირებდნენ ინტერნაციონალიზმთან, თუმცა არა აუცილებლობით ერთა თანასწორობის პრინციპზე დაფუძნებულთან. ცენტრალური ევროპის იმპერიის დაშლამ და ერების თანმდევმა დასუსტებამ წარმოქმნა ახალი, თანამედროვე ინტერნაციონალიზმის განცდა, რომელიც მე-18 საუკუნის განმავლობაში ევროპულ სახელმწიფოთა ინტელექტუალური წრეების შთაგონების მოციმციმე წყარო იყო. „საფრანგეთის რევოლუციის დასაწყისისათვის ყველა ბრძენი ევროპელი - ლესინგი, კანტი, გოეთე, რუსო, ლაფატერი, კონდორსე , პრისთლი, გიბონი, ფრანკლინი - მსოფლიოს მოქალაქე უფროა, ვიდრე რომელიმე კერძო ქვეყნისა. გოეთე აღიარებდა, რომ არ იცოდა, რა არის პატრიოტიზმი და კმაყოფილი იყო ამით. ნებიმიერი ქვეყნის კულტურული ადამიანი დარბაისელ საზოგადოებაში თავს ყველგან შინ გრძნობდა. კანტს შეუდარებლად უფრო აინტერესებდა პარიზული მოვლენები, ვიდრე პრუსიული ცხოვრება. იტალია და გერმანია გეოგრაფიული ცნებები იყო; ეს ქვეყნები სავსე იყო პატარა სახელმწიფოებით, სადაც არ არსებობდა პოლიტიკური ცხოვრება, მაგრამ დიდი იყო ინტერესი საერთო კულტურული პროგრესის მიმართ. რევოლუციაც, თავისთავად, საფუძველში, ადამიანური და კოსმოპოლიტური იყო. ლამარტინის თქმით, ესაა „თარიღი ადამიანის გონებაში“, იმიტომ, რომ ტენის მსგავსი აბეზარი კრიტიკოსების მიუხედავად, ვხედავთ, რომ იმ ადამიანთა ხასიათი, რომლებიც უძღოდნენ რევოლუციის დიად მოძრაობას, ვერ დააკნინებს ტიტანური დაპირისპირების მნიშვნელობას. რევოლუციის ფეხშიშველი და დაკონკილი ჯარისკაცები, რომლებმაც ამპარტავანი რეაქციონერები საფრანგეთის მიწიდან განდევნეს, რაიმე ეროვნული მიზნის მისაღწევად კი არ იბრძოდნენ, არამედ მიზნისათვის, რომელიც მართალია მკრთალად, მაგრამ მაინც ზოგადსაკაცობრიოდ აღიქმებოდა. მთელი თავისი უხეშობითა და ნაკლოვანებებით, რევოლუციის იდეა "უფლებათა მოფიქრებული ჩარჩოა, რომელიც ყველა ადამიანისათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს“[iii]
ჰუმანური კოსმოპოლიტიზმის ეს ადრეული ყვავილი დასაჭკნობად იყო განწირული ნაციონალიზმის მძლავრ აღორძინებამდე, რომლითაც შემდეგი საუკუნე აღინიშნა. კულტურული ფენების ვიწრო წრეებშიც კი კეთილშობილი და მძლავრი იდეალი დუნე სენტიმენტალიზმად იქცა და კონტინენტალურ მოსახლეობაში 1848 წლის მოკლე აალების შემდეგ მბჯუტავ ნაკვერჩხლებად ჩაიფერფლა. თვით სოციალიზმიც, რომელიც კონტინენტზე ინტერნაციონალიზმის სულისკვეთების საზომად მიიჩნევა, ბიუროკრატიასა და კაპიტალიზმთან ბრძოლაში ისე მჭიდროდ მოექცა ეროვნულ საზღვრებში, რომ „ინტერნაციონალური“ მხოლოდ წმინდა მისწრაფებას გამოხატავს და აღარაფერი ესაქმება მისი წინასწარმეტყველების მიერ ნაქადაგები ძმობის პრაქტიკულ განხორციელებასთან.
ამრიგად, ნაციონალიზმის ტრიუმფმა თითქოს დაამსხვრია ინტერნაციონალიზმის მზარდი მოლოდინი. თუმცა სინამდვილეში მათ შორის არ არსებობს არსებითი ხასიათის წინააღმდეგობა. ჭეშმარიტი მძლავრი ინტერნაციონალიზმი ფორმითა და შინაარსით გულისხმობს ძლიერი, ღირსებით აღსავსე ერების არსებობას, რომლებიც ისწრაფიან კავშირისაკენ საერთო ეროვნული მოთხოვნილებებისა და ინტერესების საფუძველზე. ასეთი ისტორიული განვითარება ბევრად უფრო შეესაბამება საზოგადოებრივი განვითარების კანონებს, ვიდრე ინდივიდუალური ერთეულების ანარქიული კოსმოპოლიტიზმის ზრდა ეროვნული ცხოვრების დაკნინების ფონზე.
ნაციონალიზმი ინტერნაციონალიზმისკენ მიმავალი სწორი გზატკეცილია, და თუ ის გადახრას ამჟღავნებს, საფიქრებელია, რომ მისი ბუნებისა და მიზნის გაუკუღმართებასთან გვაქვს საქმე. ასეთი გაუკუღმართებაა იმპერიალიზმი, როდესაც ერები გასცდებიან ძალდაუტანებელი შეგუების ფარგლებს და ეროვნულ განსხვავებულობათა სასარგებლო, წამახალისებელ შეჯიბრს მოქიშპე იმპერიების სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლად გადააქცევენ.
აგრესიული იმპერიალიზმი ამარცხებს იტერნაციონალიზმისკენ მოძრაობას არამარტო მოქიშპე იმპერიებს შორის მტრობის წახალისებით: სუსტი თუ დაბალი რასების თავისუფლებებზე და არსებობაზე მის მიერ მიტანილი იერიში აღვივებს მათში გადაჭარბებულ ეროვნულ თვითშეგნებას. განაწყენებულ, თავდაცვის გრძნობით ყალყზე დამდგარ ნაციონალიზმს მხოლოდ ნაკლებად გაუკუღმართებული აქვს ბუნებრივი ხასიათი, ვიდრე ნაციონალიზმს, რომელიც მომხვეჭელობისა და სხვის ხარჯზე თვითგანდიდების ჟინითაა ანთებული. ამ თვალსაზრისით აგრესიული იმპერიალიზმი ნაციონალიზმის ხელოვნური გაღვივებაა იმ ხალხებში, რომელთა შთანთქმა შეუძლებელია განსხვავებულობის, განადგურება კი კომპაქტურობის გამო. ჩვენ შევადუღაბეთ აფრიკანერობა ასეთი მძლავრი, საშიში ნაციონალიზმით; ჩვენ შევუერთდით სხვა ერებს აქამდე უცნობი, განაწყენებული ჩინური ნაციონალიზმის შექმნაში. ორივე შემთხვევაში ნაციონალიზმისათვის მიყენებული ზიანი გამოიხატება შემაკავშირებელი, მშვიდი, შინაგანი ძალის შეზღუდულ, მტრულ ძალად გარდაქნაში, რაც ნაციონალიზმის ჭეშმარიტი ძალისა და დანიშნულების გაუკუღმართებაა. ყველაზე ცუდი და ცხადი შედეგი ინტერნაციონალიზმის შეფერხებაა. უწინდელი ნაციონალიზმი მეტწილად გამაერთიანებელი გრძნობა იყო; მისი ბუნებრივი დამოკიდებულება სხვა ხალხის იგივე გრძნობის მიმართ თანაგრძნობის არქონაა და არა დაუფარავი მტრობა; არ არსებობდა თანდაყოლილი ანტაგონიზმი, რომელიც შეაფერხებდა ერების გვერდიგვერდ ზრდას და აყვავებას. ძირითადად ასეთი იყო ნაციონალიზმი მე-19 საუკუნის დამდეგს და თავისუფალი ვაჭრობის მომხრე პოლიტიკოსების ოცნებას ეფექტური, არაფორმალური ინტერნაციონალიზმის ზრდაზე - თავისუფალი ხალხების ინტერესთა სამართლიანი ჰარმონიის აღიარებით ერებს შორის საქონლისა და იდეების მშვიდობიანი და მომგებიანი მიმოცვლის საშუალებით - ჰქონდა გარკვეული საფუძველი.
ნაციონალიზმის იმპერიულ არხებში გადადინებამ ყველა ეს იმედი გააქარწყლა. თუ თანაარსებულ ერებს ძალუძთ ურთიერთდახმარება, თუ ის არ შეიცავს ინტერესთა უშუალო დაპირირპირებას, თანაარსებული იმპერიები, რომლებიც ტერიტორიული და ინდუსტრიული თვითგანდიდების საკუთარ იმპერიულ გეგმებს მისდევენ, ბუნებრივი და აუცილებელი მტრები არიან. ამ ანტაგონიზმის ეკონომიკური მხარის გააზრება შეუძლებელია თანამედროვე კაპიტალისტური წარმოების იმ პირობების ზუსტი ანალიზის გარეშე, რომლებიც წარმოქმნიან მუდმივად მზარდ „ბრძოლას ბაზრებისათვის“, ხოლო პოლიტიკური ანტაგონიზმი კი აშკარაა.
აფრიკისა და აზიისათვის ბრძოლამ არსებითად ყველა ევროპული ერის პოლიტიკა შეცვალა, წარმოქმნა ალიანსები, რომლებიც ყველანაირად ეწინააღმდეგება ბუნებრივ სიმპათიებს და ისტორიულ კავშირებს, აიძულა ყველა კონტინენტური ერი მიემართა საკუთარი მატერიალური და ადამიანური რესურსების მუდმივად მზარდი წილი სამხედრო და საზღვაო აღჭურვილობაზე, გამოიყვანა იზოლაციიდან შეერთებული შტატები და ახალი ზესახელმწიფოს სახით სრულად ჩააბა ამ ჭიდილში; პოლიტიკურ სცენაზე შემოტანილი პრობლემების რაოდენობის, მასშტაბის და მოულოდნელი ხასიათის წყალობით ის კაცობრიობის მშვიდობისა და პროგრესისთვის მუდმივი შეშფოთებისა და მუქარის შემცველი ფაქტორია. ახალმა პოლიტიკამ უმნიშვნელოვანესი და უდიდესი ზეგავლენა მოახდინა მასში ჩართულ სახელმწოფოთა მმართველობით შეგნებაზე. პოპულარული მოხმარებისათვის წარმოქმნილი ეროვნული დანიშნულებისა და ცივილიზაციის იმპერიული მისიის დოქტრინების კვალდაკვალ, რომლებიც წინააღმდეგობრივია მათი ჭეშმარიტი მნიშვნელობით, მაგრამ ურთიერთდამხმარე პოლულარული იმპერიალიზმის გასამაგრებლად, მან განავითარა შექმნის ადგილზე, გერმანიაში, “real-politik”-ად წოდებული კალკულაციური, ხარბი ჯურის მაკიაველიზმი, რომელმაც მთლიანად შეცვალა დიპლომატიის ხელოვნება და ყოველგვარი მორიდების გარეშე ეროვნული განდიდება საგარეო პოლიტიკის შეგნებულ მამოძრავებელ ძალად გამოაცხადა. ტერიტორიული გაფართოების ჟინი და ბაზრებისათვის ბრძოლაა პასუხისმგებელი სახელშეკრულებო პირობების ღიად გამოცხადებული დარღვევისათვის, რომელთა დაცვა გერმანიას, რუსეთს და ინგლისს არც კი უცდიათ. დიპლომატიური ენის მცურავი სკალა: შიდა რეგიონები, ინტერესთა სფერო, გავლენის სფერო, უზენაესობა, სუზერენობა, პროტექტორატი, რომელსაც შენიღბულად თუ ღიად მივყავართ ძალადობრივი მიტაცებისა თუ ანექსიისაკენ, რომლებიც ხშირად იმალება „იჯარის“, „საზღვრის გამართვის“, „კონცესიის“ და მსგავთა საშუალებით, იმპერიალიზმის ცინიკური სულისკვეთების გამოგონება და გამოვლინებაა. შესაძლოა, გერმანია და რუსეთი უფრო დაუფარავად იყენებენ საკუთარი ქვეყნის მატერიალური სარგებელს, როგორც საჯარო მოქმედების ერთადერთ კრიტერიუმს, თუმცა არც სხვა ერები შეყოვნებულან დიდად ამ სტანდარტის დამკვიდრებაში. მართალია, ერთა ურთიერთდამოკიდებულებას ყველა დროში ძირითადად ეგოისტური და არაშორსმჭვრეტელი მოსაზრებები განსაზვრავდა, მაგრამ განზრახ და შეგნებულად ამ სტანდარტის დამკვიდრება იმ ეპოქაში, როდესაც ერთა შორის ურთიერობის მნიშვნელობა და ერთმანეთზე დამოკიდებულების ხარისხი ყველა თვალსაზრისით განუხრელად იზრდება, უკან გადადგმული ნაბიჯია, რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ცივილიზაციის საფუძველს.
[i] Representative Government, chap.xvi.
[ii] Expansion of England, lect.iii.


[iii] W. Clarke, Progressive Review; February 1897

No comments:

Post a Comment